25 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს მაჟორიტარი წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, თბილისის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს და დედაქალაქის რაიონების გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დედაქალაქის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თბილისის სკოლებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია.
„მნიშვნელოვანი, საქმიანი შეხვედრა გაიმართა განათლების სამინისტროში. განვიხილეთ საკითხები, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოწესრიგებას უკავშირდება. ეს საკითხი დედაქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრაზე იმ სკოლების ჩამონათვალზე იმსჯელეს, რომლებსაც პირველ რიგში ესაჭიროებათ რეაბილიტაცია ან სამშენებლო სამუშაოების ჩატარება.