19 ნოემბერი 2025 საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 082 482,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 983 178,0 ათასი ლარი) მიმართებაში 99 304,2 ათასი ლარით არის გაზრდილი.
დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კულტურა, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 11 მილიონ 264,8 ათასი ლარით არის გაზრდილი და ჯამში 50 მილიონ 558,8 ათასი ლარს შეადგენს.
სხდომაზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. მისი თქმით, 2026 წელს გაგრძელდება წარმატებული სპორტსმენი ბავშვების და მწვრთნელთა მხარდაჭერა, პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა/რეკონსტრუქცია. სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ქვეპროგრამის ფარგლებში აშენდება ახალი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები, გაგრძელდება 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა ფიზიკური დატვირთვის და ჯანმრთელობის სკრინინგი, ისევე როგორც პროგრამა სპორტი უფროსი თაობისთვის, სადაც 60 წლის და 60 წელს გადაცილებული ბენეფიციარები უსასყიდლოდ სარგებლობენ სპორტული სერვისებით.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიებში განიხილავენ, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნდება.
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025
შალვა სუთიაშვილმა ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებულები დაჯილდოვა
ნოემბერი 12,2025
შალვა სუთიაშვილი დიდი დიღმის ა(ა)იპ მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 10,2025