14 მარტი 2025 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. საჯარო განხილვაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
მთაწმინდის რაიონში, გიორგი ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევს რეჟისორ თემურ ჩხეიძის ქუჩის სახელი მიენიჭება. მთაწმინდის რაიონშივე, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო ქუჩას და მასთან მდებარე შესახვევს საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელი მიენიჭება.
საჯარო განხილვაზე მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ციურიხის I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწეების ივანე და ნინო პოლტორაცკების სახელის, ასევე საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ეგნატე ფიფიას სახელის და ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების საკითხები განიხილეს. ისნის რაიონშივე, ნავთლუღის I დასახლების VII ქუჩას ისტორიკოსის გიორგი ბოჭორიძის სახელი, ხოლო დოლაბაურის II ხევს და დოლაბაურის III ხევს მომღერლის ივანე მჭედლიშვილის სახელი მიენიჭება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას, ხოლო ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის II შესახვევისთვის და შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბაკურ ბექაურის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხების გარდა, საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს გლდანის რაიონში, ე.წ. თბილისის სატრანზიტო გზის უსახელო მონაკვეთისთვის, დიდგორის ქუჩისთვის და ხიდის ქუჩისთვის თბილისის შემოსავლელი გზატკეცილის სახელის, ხოლო ნაძალადევის რაიონში, გეგუთის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის გეგუთის I ჩიხის სახელის მინიჭების, ვაკის რაიონში, დიდებას ტერიტორიაზე, სულხან-საბა ორბელიანის I ჩიხის მონაკვეთისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სულხან-საბა ორბელიანის სახელის მინიჭების საკითხებს.
კომისიის წევრებმა განიხილეს ასევე რამდენიმე ტექნიკური შეცდომის გასწორების და ქუჩის გაგრძელების საკითხები.