07 აპრილი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, ლია ჯახველაძემ დეპუტატებს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტორს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს.
მანვე კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდს შორის დადებული მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
აღნიშნული მემორანდუმით საკრებულომ ვალდებულება აიღო, რომ თბილისის ქუჩების სახელდების დროს იმ გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებს მიენიჭოს პრიორიტეტი, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
საუბარია დაახლოებით 50 გამოჩენილ ქალზე, რომელთაგან 15 უკვე შერჩეულია და როგორც კი კომისია სახელდების პროცესს შეუდგება, აღნიშნული სახელები სხვადასხვა ქუჩებს მიენიჭებათ.
სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატებს თბილისში ქუჩებისა და სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინზე ერთიანი სტანდარტებით დამზადების მიზნით, კონკურსის გამოცხადება შესთავაზა.
გარდა ამისა, ლია ჯანხველაძემ განაცხადა, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მომზადებული აქვს თბილისის ქუჩების ელექტრონული ბაზა, რომელიც 2008 წლის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებისთვის მინიჭებულ სახელწოდებებს მოიცავს.
მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია ცნობარის გამოცემა, რადგან 2008 წლის შემდეგ ასეთი ცნობარი არ გამოცემულა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების სახელდების ინიციატივითაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას მნიშვნელოვნად კომფორტულს გახდის.
საკრებულოს წევრებმა ლია ჯახველაძის მიერ წამოყენებულ ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.