20 მარტი 2018
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა აბრების განთავსების პროცესის დაწყების და ნაცვალგების პრინციპით თბილისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისთვის რამდენიმე ქვეყნის ქალაქის სახელების მინიჭების საკითხები განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში შენობა-ნაგებობების ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსების პროცესი დაიწყება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესში ჩართულმა მხარეებმა კონტრაქტორ კომპანიებს ქუჩათა ჩამონათვალი, ასევე შესაბამისი ტექსტები და ინგლისურენოვანი თარგმანები ოპერატიულად მიაწოდონ.
მისივე ინფორმაციით, კომისიაში თბილისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისთვის კონკრეტული ქალაქების სახელის მინიჭების თხოვნით რამდენიმე ქვეყნის საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მომართვაა შემოსული.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მას შემდეგ, რაც ნაცვალგების პრინციპით თბილისის სახელის მინიჭების მიზნით კონკრეტულ ქალაქებში გეოგრაფიული ობიექტები გამოიკვეთება, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხზე დეტალურ მსჯელობას დაიწყებს.