26 აგვისტო 2020
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.
სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
დეპუტატებმა დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩის, სკვერის და ჩიხის სახელდების საკითხებზე იმსჯელეს. საბურთალოს რაიონში მდებარე უსახელო ქუჩასა და მასთან არსებულ ჩიხს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კახა აბულიძის სახელი მიენიჭება. ასევე საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და უსახელო სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელი ეწოდება. აფხაზეთის ომში დაღუპული როსტომ ქობელაშვილის სახელობის იქნება ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთი შესახვევი. ასევე ისნის რაიონში მდებარე უსახელო სკვერს აფხაზეთში დაღუპული სამი მებრძოლის გიორგი გოგოლაძის, დავით გრიგოლიას და გოჩა პატარიძის სახელები მიენიჭება.
კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა ისანში მდებარე რამდენიმე შესახვევისა და ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის სახელის მიჭებას. მხატვარ ნათელა იანქოშვილის სახელი დაერქმევა ნავთლუღის დასახლების მეორე შესახვევს.
ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მეფე გიორგი მესამის სახელი მიენიჭება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხები დეტალურად განიხილეს და მხარი დაუჭირეს.