15 ივნისი 2021 თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებს განსახილველი საკითხები სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა წარუდგინა.
სხდომაზე დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭებას მხარი დაუჭირეს. კომისიის წევრებმა სამგორის რაიონში არსებული უსახელო ქუჩებისთვის საზოგადო მოღვაწეების ახმეთ მელაშვილის და ვახტანგ მალაყმაძის სახელების მინიჭების საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
აღნიშნული საკითხების გარდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე რაგბის სათამაშო მოედანს სპორტსმენის, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ემზარ სულაქველიძის სახელი მიენიჭება. სპორტსმენის, ცნობილი ფალავანის კოსტა მაისურაძის სახელი ეწოდება ვაკის რაიონში მდებარე შუა მინდვრის ქუჩის მესამე შესახვევს და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას.
დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირების საკითხებიც განიხილეს.