12 აპრილი 2018
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. 2 საკითხი, კერძოდ, სოფელ ნასაგურში ტბის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისა და 11 შესახვევისთვის სახელის მინიჭების და ვაკის რაიონში, ნუშის ბაღების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ საჯარო განხილვამდე გადაიდო.
კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა დეპუტატებს მოძრავი ავტობუსების რამდენიმე უსახელო გაჩერების სახელდების საკითხი წარუდგინა. საქმე ეხება, 61 ნომერი ავტობუსის მარშრუტს.
„ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო. სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად ვგეგმავთ, რომ ავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების პრაქტიკა დავნერგოთ. შესაბამისად, საჭიროა გაჩერებების სახელდება,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და შესახვევისთვის სახელების მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.