30 მაისი 2025
თბილისის საკრებულოში, ლევან აბაშიძის ხელმძღვანელობით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისში მდებარე რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სახელი დაერქმევა.
დღესვე, კომისიის წევრებმა ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან არსებულ ხუთ უსახელო ჩიხს უნივერსიტეტის I, II, III, IV და V ჩიხების სახელები მიანიჭეს. ხოლო უნივერსიტეტის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას იოანე ღვთისმეტყველის სახელის ეწოდა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, ასევე, კრწანისის რაიონში ორთაჭალის III შესახვევისთვის ბეჟან კალანდაძის ქუჩის სახელის; ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის და წინანაურის ქუჩის მონაკვეთისთვის ნადიკვრის სახელის, ხოლო წინანაურის ქუჩის მონაკვეთისთვის და წინანაურის II ქუჩისთვის ორთაჭალის I და II გასასვლელის სახელის მინიჭების საკითხი განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სამგორში, კალოუბნის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას გენერალ-მაიორი ბორის გრიგოლაშვილის სახელი, ხოლო ლევან მაჭავარიანის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს ლევან მაჭავარიანის I შესახვევის სახელი ეწოდა. ამას გარდა, კომისიის წევრებმა გლდანში, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთს მორის ფოცხიშვილის I გასასვლელის სახელი მიანიჭეს. მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთს, მიხაკო წერეთლის I ჩიხს და მასთან არსებულ უსახელო ჩიხს კი საზოგადო და სამხედრო მოღვაწის დავით ვაჩნაძის სახელი ეწოდა.
დღესვე, კომისიის სხდომაზე ნაძალადევის რაიონში, პეტრე ამირანაშვილისა და 67-ე ქუჩების ერთ დამოუკიდებელ ქუჩად გაერთიანების და წარმოქმნილი ქუჩისთვის მომღერალი პეტრე ამირანაშვილის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.