24 ივნისი 2022
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის რამდენიმე რაიონში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხები განიხილეს.
თბილისში, მთაწმინდის რაიონში პეტრე მელიქიშვილის ქუჩას პეტრე მელიქიშვილის გამზირის სახელი მიენიჭება. საბურთალოს რაიონში, სულხან ცინცაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას პოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანის სახელი ეწოდება. ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის,“ქართული ხმების“ სოლისტის ზურაბ ბაკურაძის სახელი დაერქმევა მუხიანში დუმბაძე-ნინოშვილის დამაკავშირებელ ქუჩას.
სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ჩიხს და ქინძმარაულის შესახვევს საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელი მიენიჭება. სამგორის რაიონშივე, მარინა ჭყონია-სამარგულიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის ილია ბაბუციძის სახელი დაერქმევა, სესილია თაყაიშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო პარკს კი ქართველი შინდლერების სახელი მიენიჭება.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს რამდენიმე ქუჩის, ბაღისა და სკვერის სახელდების საკითხები. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.