11 ივნისი 2021 საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურისა და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შენობა-ნაგებობების ნუმერაციის საკითხები განიხილეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, თბილისში სამისამართე აბრების განთავსების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
,,უახლოეს პერიოდში, სამუშაოები წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე დაიწყება. ამ ეტაპზე, საჯარო რეესტრი შენობა-ნაგებობების ნუმერაციას ახორციელებს. ვინაიდან არსებობს კორპუსები, სადაც აუცილებლობით განპირობებულია ნომრების შეცვლა, საჭიროდ ვთვლით მოსახლეობის ინფორმირებას და მათი მოსაზრებების გათვალისწინებას“,-განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ შეხვედრაზე იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რაც რაიონის მასშტაბით დამისამართების კუთხით არსებობს და მზაობა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზება მუდმივად უზრუნველყოს.
სამისამართო სამსახურის უფროსის, ნინო ბახიას განცხადებით სამსახური მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოქალაქეების მოსაზრებებს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს მისამართის მიგნებასა და იდენტიფიცირებას.
შეხვედრის შემდგომ მხარეებმა გზათა ქსელები დაათვალიერეს და ფაქტობრივი ვითარება ადგილზე შეისწავლეს.