27 თებერვალი 2018
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დედაქალაქში უსახელო ქუჩების დამისამართების პროცესს აგრძელებს.
კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის ინფორმაციით, სამგორის რაიონში წურწუმიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე უსახელო ქუჩა განვითარდა, სადაც, დაახლოებით, 50-მდე ოჯახი უმისამართოდ ცხოვრობს.
ამ ეტაპზე ქუჩების ქსელების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. საჯარო განხილვის შემდეგ კი ქუჩების სახელდება დაიწყება.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, საჯარო რეესტრის მიერ შენობა-ნაგებობების ნუმერაცია მოკლე პერიოდში მოხდება, ხოლო დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები აბრებს განათავსებენ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, ადგილობრივ მცხოვრებლებს იმ სასიცოცხლო სერვისებით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, როგორიცაა: ბავშვების საბავშვო ბაღებში მიყვანა, პირადობის მოწმობებში ზუსტი მონაცემების შეტანა, ასევე სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სერვისებით სარგებლობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.