22 თებერვალი 2018 თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩისა და შესახვევისთვის სახელის მინიჭების საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომისიის სხდომას მისი წევრების გარდა განსახილველი საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
„უსახელო ქუჩებისთვის ყველაზე შესაფერისი, გეოგრაფიულად გამართული სახელები შევარჩიეთ,“- განაცხადა სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.
ამ ადგილებისთვის სახელების მინიჭების საკითხს თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ. ამის შემდეგ, ეტაპობრივად ქუჩების სისტემური ნუმერაცია და აბრების განთავსება დაიწყება.
კომისიის სხდომაზე ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის საკრებულოს 2014 წლის განკარგულება დიდუბის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისა და მასთან მდებარე ჩიხისთვის შალვა გოგიძის სახელის მინიჭების თაობაზე. პროფესორ შალვა გოგიძის სახელი საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭება.