21 ნოემბერი 2019
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მათი შვედი პარტნიორების ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს. ღონისძიების მიზანი ქვეყანაში არსებული სამისამართო პოლიტიკის განხილვა და გამოცდილების გაცნობა იყო.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა დამსწრე საზოგადოებას თბილისში, სახელდების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თბილისის თვითმმართველი ორგანოების გამოცდილებაზე ისაუბრა.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, თინათინ ნიბლოშვილმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სახელდების პროცესის სრულყოფის მიზნით თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და საჭიროების შემთხვევაში სრული დახმარება შესთავაზა.
კონფერენციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შვედეთის საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის სამსახურის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს ფოსტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (112) და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.