23 იანვარი 2020
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს შეხვდა.
გულმირა სულტანალიმ კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კონტაქტებზე ისაუბრა.
როგორც გულმირა სულტანალიმ აღნიშნა, 2020 წელი ყაზახი პოეტ-განმანათლებლისა და ფილოსოფოსის-აბაი კუნანბაევის საიუბილეო წელია და როგორც ყაზახეთში, ასევე საქართველოშიც რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.
მანვე შეხვედრაზე აბაი კუნანბაევის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის პოეტის სახელის დარქმევის თაობაზე ისაუბრა.
თინათინ ნიბლოშვილმა სტუმარს კომისიის ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად, ყაზახი პოეტ-განმანათლებლის სახელის მისანიჭებლად დედაქალაქში მდებარე სამი მოედანი განიხილება.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, წარმოდგენილი ვარიანტებიდან ერთ-ერთი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლების ერთობლივი გადაწყვეტილებით აირჩევა.
გულმირა სულტანალიმ თინათინ ნიბლოშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.