01 ნოემბერი 2019
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კაი კაარელსონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე თბილისსა და ტალინს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
„დღევანდელი შეხვედრა მომავალში, ერთობლივი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ჩვენს ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობა მეგობრულია, რაზეც მეტყველებს ესტონელი ტურისტების რაოდენობის ზრდა საქართველოში, ასევე ასობით ქართველი სტუდენტი სწავლობს ესტონეთში,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
როგორც ცნობილია, ტალინის ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება, რისთვისაც თინათინ ნიბლოშვილმა კაი კაარელსონს მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა თბილისის საკრებულოშიც ესტონეთ-საქართველოს მეგობრობისადმი მიძღვნილი გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასა და გახსნაზე იმსჯელონ.
კაი კაარელსონმა განაცხადა, რომ მზად არის აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში ჩაერთოს და თბილისის საკრებულოსთან ერთად იმ გეოგრაფიული ობიექტის შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა, რომლის სახელიც ესტონეთს დაუკავშირდება.