23 ივნისი 2021
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო რომლის მიზანი, ცნობილ ქართველ მწერლებთან დაკავშირებული აქამდე უცნობი დეტალების წარმოჩენა, საცხოვრებელი მისამართების მოძიება და იმ ეპოქის გაცოცხლებაა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.
პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სახელწოდებით „ტერენტი, როგორც მხატვარი“ იმ სახლის ეზოში გაიმართა, სადაც ტერენტი გრანელი 1925-1931 წლებში ცხოვრობდა და პოეტის მხატვრობას მიეძღვნა.
მაზნიაშვილის ქუჩის N31-ში გამართული ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“პროექტით „პოეტები თბილისის ქუჩებიდან’’ გვინდა ის ადამიანები, რომელთა სახელებსაც ჩვენი დედაქალაქის ქუჩები ატარებს, ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს კიდევ უფრო კარგად, განსხვავებული კუთხით გავაცნოთ და ამ მოღვაწეთა ცხოვრების აქამდე ნაკლებად ცნობილი ეპიზოდები მოვუთხროთ.
თბილისის საკრებულოს ინიციატივით დაწყებული პროექტის პირველი ღონისძიება ტერენტი გრანელს მიეძღვნა, ადამიანს, რომელსაც როგორც მწერალს ბევრი იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის იგი როგორც მხატვარი. ლიტერატურის მუზეუმის დახმარებით დღეს გრანელის ნახატები გამოვფინეთ და მისი შემოქმედება იმ ეზოში გავაცოცხლეთ სადაც ის ცხოვრობდა. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვპირდებით“,- განაცხადა ღონისძიებაზე თინათინ ნიბლოშვილმა.
მაზნიაშვილის ქუჩის N31-ში წარმოდგენილი იყო ფართო საზოგადოებისთვის ტერენტი გრანელის აქამდე უცნობი 40-მდე გრაფიკული ნამუშევარი და მინიატურული ესკიზები, რომლებიც საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ღონისძიებაზე სადაც ლადო გუდიაშვილისა და ირაკლი თოიძის მიერ შექმნილი ტერენტი გრანელის პორტრეტები გამოიფინა, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობებმა პოეტური ნაწარმოებები, ხოლო თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტერენტი გრანელის შესახებ ისტორიები წარმოადგინეს.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ტერენტი გრანელის შთამომავალი, პროფესორი მამანტი როგავა, გრანელის შემოქმედების მკვლევარები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025