26 აპრილი 2025 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა მარიკა დარჩიამ პატივი მიაგეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
დიმიტრი ყიფიანის სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების დაფუძნება, როგორებიცაა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ასევე ქართული დრამატული საზოგადოება, ამასთანავე ის იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
დიმიტრი ყიფიანი გახლდათ თბილისის პირველი არჩეული ქალაქისთავი. თბილისის საკრებულოს ისტორიული სხდომათა დარბაზი სწორედ დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. გარდა ამისა, დედაქალაქის საკრებულოში საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის, სახელობის საგამოფენო სივრცე ფუნქციონირებს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის მიერ დიმიტრი ყიფიანი ქართული ეკლესიის წმინდანად იქნა შერაცხილი 2007 წლის 26 აპრილის დადგენილებით.