15 ივნისი 2025
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი კახა ლაბუჩიძე და თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი დედაქალაქის N121 ბაგა-ბაღში ეზიდური საკვირაო ბაღის გახსნას და ეზიდ ბავშვთა კონცერტს დაესწრნენ. ღონისძიება ააიპ ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის ორგანიზებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი ესწრებოდა.
თბილისის N121 ბაგა-ბაღი ერთადერთია დედაქალაქში, სადაც ეზიდური ჯგუფი ფუნქციონირებს. ამ ჯგუფში ეზიდი ბავშვები სხვა სავალდებულო დისციპლინებთან ერთად, მშობლიურ ენასაც ეუფლებიან.
შეხვედრა ააიპ ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის პროექტის დირექტორმა ლილი საფაროვამ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს კახა ლაბუჩიძე მიესალმა.
„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მნიშვნელოვანია ეზიდური ენის შენარჩუნება თბილისში მცხოვრები ეზიდებისთვის. სწორედ ამას ემსახურება ეზიდური ჯგუფის გახსნა N121 ბაგა-ბაღში, სადაც დაახლოებით 20 ეზიდი ბავშვი ეუფლება მშობლიურ ენას. ამ პროექტის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება"- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო სახვითი და ფოტოხელოვნების ნამუშევრების გამოფენა.