14 მაისი 2019
თბილისის 74-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ნეიროპლასტიურობის საპილოტე პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“ დაინერგა. ღონისძიებას საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, კომისიის წევრები მარიკა დარჩია და ერეკლე კუხიანიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრნენ.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, ნეიროპლასტიურობის პროექტი ინოვაციურია და სამომავლოდ ის თბილისის ბაღებში აქტიურად დაინერგება.
,,საპილოტედ დავნერგეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნეიროპლასტიურობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ბავშვებში სხვადასხვა სახის სპეციალური თამაშობების შემოღებით, აღსაზრდელების ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ამჯერად პროექტი საპილოტეა, თუმცა სამომავლოდ იგეგმება მისი საერთო სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში ინტეგრირება’’, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
„ბავშვის განვითარების თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურობაში დანერგვის მიზნით, საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ნეიროპლასტიურობა არის ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო მეთოდოლოგია, რაც 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და მათ სწორ, სწრაფ და ეფექტურ განვითარებას ისახავს,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
ნეიროპლასტიურობის პროექტი ცენტრ „თანადგომის“ მიერ განხორციელდა და მოიცავს ტრენინგებს, ბავშვებთან პრაქტიკულ მუშაობას და შემდგომ, დამოუკიდებლად მუშაობის მონიტორინგს. გაწეული სამუშაოს ამსახველი პრეზენტაცია პროექტის ხელძღვანელმა, ცენტრის დამფუძნებელმა, ნანა გეგელიშვილმა წარმოადგინა და საბავშვო ბაღს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადასცა.
პრეზენტაციის გარდა, ღონისძიების ფარგლებში, ბაღის აღსაზრდელებმა ის აქტივობები განახორციელეს, რაც ამ მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული.
საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, სპეციალურად ამ პროექტისათვის, ბაღის ეზო სახალისო თამაშებისათვის მოხატა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025