15 მაისი 2025 თბილისის საკრებულოში, კახა ლაბუჩიძის ხელმძღვანელობით, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა განათლებისა და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე ლექსო თორაძის, მერაბ დონაძისა და არჩილ ბეთანელის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხები განიხილეს.
გამოჩენილი მუსიკოსი და საქართველოს დამსახურებული არტისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე თბილისში, დავით თორაძის N3-ში, ცხოვრობდა. ქართველი პიანისტი, პედაგოგი, უამრავი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული, არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი ლექსო თორაძე, რომელიც კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა, ცხრა წლიდან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უკრავდა. მან თბილისის და მოსკოვის კონსერვატორიები დაამთავრა და როგორც ნიჭიერმა მუსიკოსმა მალევე გაითქვა სახელი. ლექსო თორაძემ აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვა და როგორც კი ამერიკაში ცხოვრების უფლება მიიღო, 10 დიდ ქალაქში კონცერტები გამართა. ლექსო თორაძე 2022 წლის 10 მაისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკითხი განსახილველად კომისიის წევრებს ალექსანდრე თორაძის დამ, ნინო თორაძემ წარუდგინა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს გალაკტიონ ტაბიძის N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სახალხო არტისტის მერაბ დონაძის მემორიალური დაფის განთავსებას ეხებოდა. საქართველოს დამსახურებული არტისტი, არაერთი საპატიო ჯილდოს და პრემიის მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი მომღერალი მერაბ დონაძე თბილისში 1937 წელს დაიბადა. ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობდა. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში იყო საოპერო სტუდიის სოლისტი. შემდეგ კი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. პარალელურად იგი აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. სწორედ ამ საქმიანობის გამო ზოგადსაგანმანათლებლო და მუსიკალურ სკოლებში ქართული კლასიკური და მსოფლიო მუსიკალური კულტურის პროპაგანდისთვის მერაბ დონაძე იაკობ გოგებაშვილის პრემიით დააჯილდოვეს. მის მიერ საოპერო სპექტაკლებიდან შესრულებული პარტიები მუსიკალურ წრეებში დღემდე ლეგენდად რჩება. სწორედ ამ ნიჭის დამსახურებით ის ვოკალისტთა საერთაშორისო ფესტივალების ჯერ ოქროს მედლის, შემდეგ დიდი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დღესვე, კომისიის წევრებმა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, აკადემიკოსის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორ არჩილ ბეთანელის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხზეც იმსჯელეს. არჩილ ბეთანელი 1959-2018 წლებში თბილისში, პეკინის გამზირზე ცხოვრობდა. არჩილ ბეთანელი საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ. მისი სამეცნიერო კვლევის მიმართულებები საფრენი აპარატების დაპროექტების და წარმოების ტექნოლოგიის მეთოდოლოგიები იყო. არჩილ ბეთანელის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შემუშავებულია საფრენი აპარატის დეტალების ზედაპირული განმტკიცებისა და ურღვევი კონტროლის მეთოდები. მან მონაწილეობა მიიღო ქართული საავიაციო ტერმინოლოგიის შექმნაშიც.
კომისიის წევრებმა ლექსო თორაძის, მერაბ დონაძისა და არჩილ ბეთანელის მემორიალური დაფების განთავსების საკითხებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცეს, რომელიც განსახილველად თბილისის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიას გადეგზავნება.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025