19 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე "თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 62 150,0 ათასი ლარით იზრდება და 2 271 497,5 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს, რომელსაც სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკითხზე მსჯელობის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.
ამავე სხდომაზე, კომისიის წევრებმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე შენობის სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვის, სადემონტაჟო სამუშაოების უზრუნველსაყოფად საპროექტო მომსახურების შესყიდვის, ასევე, ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ახალდაბის ქუჩა N52-ის მიმდებარედ არსებული დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის და დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, საპროექტო დოკუმენტაციის მომსახურების შესყიდვის შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და მიმართვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და ცნობად მიიღეს.