12 ივლისი 2022
თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა სულ 1 017,5 ათასი ლარით იზრდება და 1 395 751,0 ათას ლარს შეადგენს. სხდომაზე პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილებულ ასიგნებებზე იმსჯელეს.
დღესვე სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის N 83-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო -სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განხილვა გაიმართა. რის შემდეგაც კომისიის სხდომაზე დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო -სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების ანგარიში მოისმინეს. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ კომისიის წევრებს სარევიზიო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რეკომენდაციები ძირითადად ტექნიკურ დეტალებს ეხება.