20 მაისი 2025
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ 13 799,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 209 347,5 ათას ლარს.
სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია, წესში მოცემულ ტერმინთა სრულყოფილად ჩამოყალიბება, ქვეპროგრამის განმახორციელებლის ახალი შესაძლებლობის შემოტანა, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის გადამოწმების ალტერნატიული გზის დანერგვა, რაც მეტად მოსახერხებელს გახდის ქვეპროგრამაში ჩართვისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის შეგროვებისა და დამუშავების პროცესს, როგორც მომსახურების მაძიებელთათვის, ისე ქვეპროგრამის განმახორციელებლისთვის.
ასევე, იმსჯელეს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, აღნიშნული ცვლილების მიზანია „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების" და „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების" ქვეპროგრამებში მოსარგებლეთა ჩართვის პროცესი გახდეს მეტად მარტივი და მოსახერხებელი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი პირი, თავად ვერ უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენას, სამსახური ქმნის აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის ალტერნატიულ შესაძლებლობას, რათა დოკუმენტის წარუდგენლობა არ გახდეს ქვეპროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის საფუძველი და მოქალაქემ შეძლოს მისთვის განკუთვნილი დახმარებით სარგებლობა.
საკითხები კომისიის წევრებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა გააცნო.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.