12 აპრილი 2022
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან ერთად საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია LDS Charities-ის წარმომადგენლები და ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე მიიღო.
შეხვედრა საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ გახსნა და სტუმრებს მუნიციპალიტეტის მიერ ჯანმრთელობის და სოციალური კუთხით, ასევე შშმ პირთა მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სრულფასოვანი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის მათი საჭიროებების დაკმაყოფილების ხელშეწყობა ჩვენი ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ჩართულობით, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ, ეტლით-მოსარგებლე შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. იმედს ვიტოვებ ასევე წარმატებით განხორციელდება პროექტები, რომლებიც შშმ პირთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად განხორციელდება“,- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
თავის მხრივ, სტუმრებმა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ასოციაციის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალში დაგეგმილ საქმიანობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და ჯანმრთელობის, სოციალური, ჰუმანიტარული და შშმ პირთა მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.