12 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოში, ნინო ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს კომისიათა შემადგენლობების ცვლილების საკითხი განიხილეს. ცვლილებების თანახმად, უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ხუჯაძე გარემოს დაცვის კომისიიდან ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში გადაინაცვლებს.
საკრებულოს კომისიათა შემადგენლობების ცვლილების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შემდეგ, კომისიების წევრთა რაოდენობა 13-დან 11-მდე შემცირდა.
როგორც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე აღინიშნა, კომისიათა შემადგენლობა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გათვალისწინების გარეშე დაკომპლექტდა, რადგან აღნიშნულმა ფრაქციამ არ შეასრულა რეგლამენტით დადგენილი ვალდებულება და არ წარმოადგინა ფრაქციის გადაწყვეტილება მათ წევრთა საკრებულოს კომისიებში წარდგენის თაობაზე.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა კომისიათა შემადგენლობების ცვლილებას მხარი დაუჭირეს.