19 ივნისი 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ 62 მილიონ 150,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 271 მილიონ 497,5 ათას ლარს. ლევან მიქავას განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2025 წლის 1 იანვრისათვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების, მიმდინარე წელს ფაქტობრივად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.
კომისიის სხდომაზე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის" ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა 2 საკითხი წარადგინა: თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების შესახებ ორ დადგენილებაში ცვლილებები.
აღნიშნული საკითხების გარდა, შპს „თბილსერვის ჯგუფის" სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩანქსელიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე დადგენილებაში ცვლილება გააცნო კომისიის წევრებს.
ა(ა)იპ-თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა კი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ №10-48 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტები გააცნო კომისიის წევრებს.
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ კომისიის სხდომაზე რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის გასატარებელი ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის უძრავი ქონების/ინდივიდუალური ფართების საკუთრებაში გადაცემისა საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტები გააცნო. მან ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების და თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' წესდების ცვლილების ცნობად მიღების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.