25 იანვარი 2019
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს განსახილველი საკითხები გააცნო, რომლებიც თბილისის მერიის ტრსანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა, საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან მიქავამ და იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ, სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დეტალურად წარადგინეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონებების, ბინების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტები განიხილეს.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს რამდენიმე უსახელო ქუჩის სახელდებისა და თბილისში სხვადასხვა მიმართულებით სატრანსპორტო მარშრუტებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.
დეპუტატებმა ასევე განიხილეს N106 საჯარო სკოლისთვის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი.
საკრებულოს წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე
განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.