03 აპრილი 2020 კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბენეფიციართა შეზღუდული მომსახურების მიუხედავად, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში დასაქმებული ადამიანები მარტისა და აპრილის შრომით ანაზღაურებას სრულად მიიღებენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. გარდა ამისა, ორი თვის ხელფასი ხელოვნების სკოლებისა და “მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის" პედაგოგებსაც დაერიცხებათ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ინსპექციას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვის ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა. მუნიციპალური ინსპექცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმუშავებს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებაც იმსჯელეს და რამდენიმე ათეულ ოჯახს წლების განმავლობაში დაკავებული ფართები საკუთრებაში გადასცეს.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძე წარადგინა. მანვე საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საკრებულოს წევრებს 2019 წლის შესრულებულ სამუშაოთა ანგარიში გააცნო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემაც.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ნებართვის გაცემის ფასი შეამცირეს და საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებიც დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025