19 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება მიიღეს. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2 353 808, 4 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია - ნარჩენების მართვის გეგმა და ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სტრატეგია ნარჩენების მართვის კოდექსთან სრულ შესაბამისობაშია.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ განკარგულების პროექტი გააცნო საკრებულოს წევრებს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების პროექტები წარადგინა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქში რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.