23 დეკემბერი 2025
დღეს თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის კახა კალაძის ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძეს თავის გამოსვლაში ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც თბილისის მუნიციპალიტეტი მუშაობს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ დედაქალაქის მერმა საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა. კახა კალაძის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღეს.
დღესვე, დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ წარადგინა. თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 2 მილიარდ 193 მილიონ 388 ათას 700 ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 983 178,0 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 210 მილიონ 210 ათას 700 ლარით, ხოლო 2026 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (2 082 482,2 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია 110 მილიონ 906 ათას 500 ლარით. ბიუჯეტის პროექტის ზრდა გამოწვეულია საკუთარი შემოსულობების დაზუსტების, საქართველოს პარლამენტში „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის" მესამე წარდგენის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მიღებული წერილის გათვალისწინებით. გაზრდილი ფინანსური რესურსის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და განვითარება; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.