11 თებერვალი 2026 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით სასტუმრო „პარაგრაფში" მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიების - ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერი ქალები - დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მეცნიერების სფეროში მოღვაწე ქალების მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. 2023 წელს 11 თებერვალს თბილისის საკრებულოშიც შევხვდით მეცნიერ ქალებს. ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: თქვენი გადაწყვეტილება ნიშნავს გამბედაობას, ბევრ შრომას, სიახლის სურვილს. დიდია თქვენი როლი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში, თქვენ ხართ მოტივაცია და მაგალითი უამრავი ქალისთვის, ვინაიდან, როდესაც ერთი ქალი წარმატებას აღწევს, ის გზას უხსნის სხვა ქალებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ფასდაუდებელი შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი სამეცნიერო მიღწევები იქნება ჩვენი ქვეყნის ხმა მსოფლიო ასპარეზზე და საქართველოს კიდევ არაერთხელ წარმოაჩენს", - განაცახადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წარმატებულ მეცნიერ ქალებს, მათ შორის შოთა რუსთაველის ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელებსა და მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
11 თებერვალი, როგორც მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა და გოგონათა ხელშეწყობა და წახალისება, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მთავარი დევიზია: „ხედვიდან შედეგამდე: STEM მიმართულებების - მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის - გადააზრება და გაუმჯობესება გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის გზით" .