03 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტის შესახებ გაერთიანებული სამეფოდან კონგრესის დელეგატმა, სტიუარტ დიქსონმა მოხსენება წარადგინა. სტიუარტ დიქსონის მოხსენების შემდეგ, კონგრესის წინაშე სიტყვით ზურაბ აბაშიძე გამოვიდა და გასული წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით 27 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. მისივე თქმით, აკრედიტებული იყო პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 73 საშუალება. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არჩევნებში დამკვირვებლები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
„საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს კენჭისყრის პროცესის ორგანიზების მაღალ დონეს, ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებას, ხმის ფარულობის დაცვასა და პროცედურების გამჭვირვალობას. მათი შეფასებები ადასტურებს, რომ კენჭისყრა მიმდინარეობდა შეუფერხებლად, უარყოფითი ტენდენციების გარეშე და სრულ შესაბამისობაში იყო დემოკრატიულ სტანდარტებთან. არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვეტილებამდე, ოპოზიციური პარტიები არწმუნებდნენ თავიანთ დამკვირვებლებს, რომ ახალი ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკულად გამორიცხავდა არჩევნების შედეგების გაყალბებას. აქედან გამომდინარე, გაუგებარია არჩევნებისადმი უნდობლობის არგუმენტები. მაშინ როდესაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა 4 ოქტომბრის არჩევნებს, ჩვენთვის მიუღებელია კრიტიკა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იკავებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკურ თანამდებობებს“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ანგარიშში, რომელიც დღეს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინეს, ერთი ფრაზით მაინც მოხდებოდა იმ ძალადობის დაგმობა, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ. მისივე თქმით, ანგარიშში ასევე არ არის ნახსენები ის, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა.
„გვქონდა მოლოდინი, რომ ორმაგი სტანდარტით არ იხელმძღვანელებდით და აღნიშნულ ძალადობას იმავე ხარისხით დაგმობდით, როგორითაც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ძალადობას თავიანთ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე. აქვე მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, მოიპოვეს მანდატები საკრებულოებში და ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, წარმატებით ეწევიან საქმიანობას“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
გამოსვლის ბოლოს, ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების პროცესში კონგრესი პოზიტიურ როლს შეასრულებს.
„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი პოზიტიური განწყობა და მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ევროპული ქარტიის მონიტორინგის მისიასთან. გვჯერა, კონგრესი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების პროცესში და მონიტორინგის მისიის დროს მოგვეცემა შესაძლებლობა დეტალურად გავაზიაროთ ჩვენი ხედვები და არგუმენტები“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს საკითხის გარდა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე გაიმართება დებატები და კენჭისყრა მონაკოში, მონტენეგროში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის ანგარიშების შესახებ. იმსჯელებენ ბულგარეთსა და სომხეთში ადგილობრივი დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების შესახებ. ასევე გაიმართება დებატები და კენჭს უყრიან კოსოვოში, ესტონეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში და სან მარინოში ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელთა ანგარიშებს. შეხვედრის ფარგლებში, დელეგატების მიერ განხილული იქნება მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.