25 დეკემბერი 2025 საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომა მოიწვია, რომელზეც ასოციაციის პრეზიდენტი, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს და ასოციაციის ახალი წესდება დაამტკიცეს.
შეხვედრის მონაწილეებმა სხდომის თავმჯდომარედ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლისას ასამბლეის მონაწილეებს მიესალმა და ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენი პირველი გაფართოებული შეხვედრაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და მინდა ყველას მოგილოცოთ ამ არჩევნებში მიღწეული შედეგები და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მოქალაქეთა ნდობით დაგვეკისრა.
ჩვენთვის მონიჭებული ამ მანდატის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანად განხორციელებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერი სწორედ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაა. ა.თ.ე.ა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ხმა, აძლიერებს ადგილობრივ დემოკრატიას და ხელს უწყობს დეცენტრალიზაციას.
ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თვითმმართველობის გაძლიერების და დახვეწის პროცესში და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერით ეს წარმატება გაგრძელდება. დღევანდელი შეხვედრაც ამის კარგ შესაძლებლობას გვაძლევს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მუნიციპალიტეტს როგორც ცალკეულ ინიციატივებში, ისე ერთობლივ საქმიანობაში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ასამბლეის მონაწილეებმა სხდომის მდივნად დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე აირჩიეს.
ასამბლეაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა კახა კალაძემ. დელეგატებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა.
ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მესამე ვადით წარადგინა ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი კახა კალაძე, რომლის კანდიდატურასაც დელეგატთა უმრავლესობამ ღია კენჭისყრით დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაც, რომელშიც საკრებულოს სამი წევრი - ზურაბ აბაშიძე, ნინო ვარდოსანიძე და ვახტანგ სურგულაძე - შევიდა.
დღესვე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) ახალი წევრებით დაკომპლექტებული აღმასრულებელი საბჭოს რიგით LVIII სხდომა გამართა. უმრავლესობის მხარდაჭერით, პირველ ვიცე-პრეზიდენტად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებად კი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი დასახელდნენ.
სხდომაზე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა, ასევე განხილული იყო ორგანიზაციის 2026 წლის ბიუჯეტი, წევრ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის ახალი შეთანხმებები და აირჩიეს ასოციაციის დელეგატები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროპის საბჭოს კონგრესში.
მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.