25 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის სტენდები დაათვალიერა.
გამოფენა-გაყიდვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა 30-ზე მეტმა მეწარმე ქალმა, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და დამთვალიერებლებს თავიანთი საქმიანობა გააცნეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, თბილისის საკრებულო ყოველთვის უჭერს მხარს იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ განვითარებას და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას. მისი თქმით, ღონისძიების მიზანი დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის მხარდაჭერა და ეკონომიკურად გაძლიერებაა.
„დღევანდელი გამოფენა-გაყიდვა არ არის მხოლოდ პროდუქციის წარდგენა - ეს არის მხარდაჭერა, სოლიდარობის გამოხატვა და გზავნილი, რომ დევნილ ქალ მეწარმეებს ვხედავთ, ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ. მათი საქმიანობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე რთულ პირობებშიც შეიქმნას ღირებულება, სილამაზე და ეკონომიკური დამოუკიდებლობა", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
გამოფენა-გაყიდვა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.