18 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2024/2025 წლების არჩევნების ანგარიშისა და ახალი ვებპლატფორმის „დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაციას დაესწრო.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოების ჩატარების შედეგად საარჩევნო პროცესი ყველა ეტაპზე იყო სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული. საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა და ორივე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.
ღონისძიების მეორე ნაწილი „დეზინფორმაციის რეესტრის" პრეზენტაციას დაეთმო, სადაც ისაუბრეს ვებპლატფორმაზე, რომელიც საარჩევნო პროცესების მიმართ ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე.
როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რეესტრი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და სისტემატიზებულ პლატფორმას, სადაც თავმოყრილია ის დეზინფორმაციული განცხადებები და ნარატივები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბება და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. ხოლო „დეზინფორმაციის რეესტრი" სხვა საშუალებებთან ერთად წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ღია კომუნიკაციის, პრევენციისა და ნდობაზე დაფუძნებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად და მისი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.