18 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. კომისიის სხდომას ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია ესწრებოდა, რომელმაც მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური განვითარების მიმართულების დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს ბიუჯეტის პროექტი გააცნო. მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა განისაზღვრა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით. გაიოზ თალაკვაძის ინფორმაციით, თანხები შემდეგ პრიორიტეტზე გადანაწილდა:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა 656 მილიონ 339 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 278 მილიონ 531 ათასი ლარი. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 მილიონ 760 ათასი ლარი.
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 მილიონ 79 ათასი ლარი.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 მილიონ 491 ათასი ლარი
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრინველყოფა - 182 მილიონ 384 ათასი ლარი.
განათლება- 300 მილიონ 602 ათასი ლარი.
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა- 50 მილიონ 558 ათასი ლარი.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.