27 თებერვალი 2023
თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ ორგანიზაციის პრეზიდენტების სხდომაზე საქართველოს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი დელეგატების წინაშე სიტყვით წარდგა. ნინო რუხაძემ UCLG -ის ევრაზიის სექციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების წევრობის საკითხზე ისაუბრა.
საკრებულოს წევრმა UCLG -ის პრეზიდენტს მოუწოდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმებს UCLG -ის ევრაზიის სექციის წევრობა ჩამოერთვას.
ნინო რუხაძის განცხადებით, მთავრობათაშორის პოლიტიკურ და სასამართლო ფორუმებზე ყველა მთავარი ბრძოლა რუსეთს წაგებული აქვს. ამიტომ ახლა მისი სტრატეგია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიების მიმართ მუნიციპალიტეტების საერთაშორისო ორგანიზაციებზე ყურადღების გადატანა და საერთაშორისო მუნიციპალური ქსელების დონეზე უკანონო პოლიტიკის გაგრძელებაა.
„აღნიშნული სტრატეგია ნათლად წარმოჩინდა იმ ფაქტით, რომ ქალაქები: სოხუმი (საქართველო), ტირასპოლი (მოლდოვა), სევასტოპოლი და დონეცკი (უკრაინა), რომლებიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიების განუყოფელი ნაწილებია, საოკუპაციო რეჟიმების მიერ შეყვანილია UCLG -ის ევრაზიის განყოფილებაში.
თუ UCLG არ ექნება სათანადო რეაგირება ამ უკიდურესად საგანგაშო ფაქტზე, რუსეთი ამას სპეკულაციისთვის გამოიყენებს, თითქოს UCLG საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმებს აღიარებს და ეს იქნება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას და რეზოლუციებს და UCLG -ის კონსტიტუციის მე-5 მუხლს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო რუხაძემ.
საკრებულოს წევრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუვერენული თანასწორობა და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებია.
„ეს საერთაშორისო სამართლის „წმიდათა წმიდაა“ და გაეროს წესდების მწვერვალია. დღეს მე გესაუბრებით სამი ერის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სახელით, რომლებიც გახდნენ ამ ფუნდამენტური პრინციპების უხეშად, უკანონოდ და დაუჯერებლად უსამართლოდ დარღვევის მსხვერპლნი. ტერიტორიები, რომლებიც, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების მიხედვით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. არსებობს გაეროს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და უამრავი სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციები, რომლებიც აღიარებენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და მოითხოვენ რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, - განაცხადა ნინო რუხაძემ და უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტების სხდომის დასასრულს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ინიცირებული იყო UCLG -ის ევროპული სექციის მიერ.
მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხვედრა ბარსელონაში გაიმართა.
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო
აპრილი 20,2026
ლევან ჯაფარიძე, ბექა მიქაუტაძე და შალვა სუთიაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფებოდნენ
აპრილი 20,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
აპრილი 17,2026