25 ოქტომბერი 2022 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობენ.
სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, კონგრესის ახალი გენერალური მდივნის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. კენჭისყრის შედეგად, ამ თანამდებობაზე მატეო მორი (საფრანგეთი) აირჩიეს, რომელიც 2014-2020 წლებში ევროპული რეგიონების ასამბლეის (AER) გენერალური მდივანი იყო. კონგრესის გენერალური მდივნის პოზიციაზე მას კონკურენციას კანდიდატი ანტონელა ვალმორბიდა (იტალია) უწევდა.
კენჭისყრის შემდეგ, სესიაზე, დელეგატებმა ევროპის საბჭოს მომავალზე, კონგრესის როლზე და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიაზე იმსჯელეს.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სესია დღეს გაიხსნა, მისი მუშაობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.