18 ოქტომბერი 2022 UCLG-ის მე-7 მსოფლიო კონგრესისა და ადგილობრივ და რეგიონულ ლიდერთა სამიტზე, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართა, ქართულ მხარეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს ( CEMR) ვიცე-პრეზიდენტი ნინო რუხაძე წარმოადგენდა.
UCLG-ის ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტი მთელი მსოფლიოდან მუნიციპალიტეტებისა და რეგიონის სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს აერთიანებს.
2022 წლის ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კაცობრიობის მომავლის პაქტის წარდგენა (Pact forthe Future of Humanity) იყო. პაქტი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის რეალიზებისთვის მუნიციპალურ დონეზე.
აღსანიშნავია, რომ UCLG-ის მსოფლიო საბჭოს სხდომაზე ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევროპის სექციის მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია განიხილეს.
დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ასევე, დოკუმენტში არის მიმართვა ევროპული ინსტიტუტების მიმართ, მხარი დაუჭირონ უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციის მიმართულებით.
კოლეგებს, აღნიშნული დეკლარაციის მხარდაჭერისკენ ნინო რუხაძემაც მოუწოდა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ ლიდერთა სამიტზე საქართველოსთან ერთად, უკრაინას ხმის მიცემის უფლებით წარმოადგენდა.
,,მეამაყება, რომ UCLG-ის მსოფლიო კონგრესზე ორ მამაც ერს წარმოვადგენ. ჩვენ ვართ ერები, რომლებიც ვაფასებთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ჩვენი მისწრაფებაა ვიყოთ თავისუფალი, დემოკრატიული, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული სამყაროს ნაწილი, რისთვისაც ვიხდით ძალიან მაღალ ფასს. მოგეხსენებათ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან, სწორედ, ლეგიტიმური და სამართლიანი მისწრაფებების გამო მიიღო დარტყმა. ახლა ამ გაუმართლებელი აგრესიის მსხვერპლია უკრაინაც. იმისათვის, რომ სამომავლოდ აღარავინ გახდეს აგრესორი რუსეთის სამიზნე, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება“, - აღნიშნა ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას.
2022 წლის ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კაცობრიობის მომავლის პაქტის წარდგენა (Pact forthe Future of Humanity) იყო. პაქტი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის რეალიზებისთვის მუნიციპალურ დონეზე.
საქართველო ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის წევრი მე-20 საუკუნის ბოლოს გახდა, თუმცა აქამდე ევრაზიის სექციაში შედიოდა, 2022 წელს კი ევროპის სექციაში გადავიდა.