06 ოქტომბერი 2022
თბილისის საკრებულოში ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, პარტია "ანა დოლიძე-ხალხისთვის" წარმომადგენელი ნინო წულაძე უძღვებოდა.
საკრებულოს წევრის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის, ცხოველთა ერთიანი მონაცემთა ბაზის, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის, აღნიშნული წესის აღსრულების კონტროლის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მსჯელობა ასევე შეეხო ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველებთან დაკავშირებულ მიდგომებს.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებასა და სამომავლოდ განსახორციელებელ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.