26 აპრილი 2026 დღეს, 26 აპრილს ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის, დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეა. დიმიტრი ყიფიანი საქართველოს საპატრიარქომ 2007 წელს წმინდანად შერაცხა.
,,დღეს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორისა და მთარგმნელის - დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეს აღვნიშნავთ. მისი ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამეობრივი სიკვდილი სამშობლოს მსახურებისა და მისთვის თავგანწირვის ნათელი მაგალითია, სწორედ ამიტომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა’’,- აღნიშნა დედაქალაქოს საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ.
დიმიტრი ყიფიანის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში თვითმმართველობის იდეის განვითარება, იგი იყო ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი 1864-1870 წლებში, ტფილისის ქალაქის თავი 1875-1879 წლებში, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებელი.
,,ყიფიანი საქართველოს ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოა. სწორედ ასეთი ადამიანები, მართლაც გამორჩეული გმირები, ქმნიან საქართველოს ისტორიას, ქართველთა იდენტობას და ჩვენი ვალია მათი დანატოვარი მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ’’,-განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ.