24 აგვისტო 2022
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრები ანა კაკაბაძე და ლევან აბაშიძე ესწრებოდნენ.
ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, საინფორმაციო კამპანიის „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მიზანია, ხელი შეუწყოს ქალებში კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, დაავადებათა ადრეულ გამოვლენას და დიაგნოსტიკას, გავრცელების შეზღუდვას, მკურნალობის დროულ დაწყებას.
როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, თბილისის მერიაში 34 ძირითადი პროგრამა მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით ემსახურება.
2022 წლის ბიუჯეტი კი , ამ მიმართულებით 30 მილიონამდეა გაზრდილი, საიდანაც 4 მილიონი ლარი ძუძუს კიბოს მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამისთვის არის გამოყოფილი.
„არსებული პროგრამები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას და სოციალურ უზრუნველყოფას ემსახურება. შესაბამისად, ძალიან კარგი შედეგები გვექნება, როგორც დაფინანსების, ასევე სოციალური წინსვლის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიებში საჯარო მოხელეების აქტივობები, რასაც ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც. საზოგადოების ჩართულობა, ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა“,-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
კამპანიის „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ფარგლებში, საჯარო სტრუქტურების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანაშვილმა და ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა ჭინჭარაშვილმა.
სამუშაო შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის და „ევროპა დონა საქართველოს“ ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგემები დაისახა.