თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის'' ორგანიზებით, ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის'' U12 ფინალი და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
სასკოლო ლიგის ფინალს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და საკრებულოს წევრები ვაჟა კოკაია და ბექა მენთეშაშვილი დაესწრნენ. შალვა სუთიაშვილის თქმით, პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
„მინდა გამარჯვებულ გუნდს მივულოცო, რომელმაც მართლაც ძალიან კარგი თამაში აჩვენა. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობაა, რისთვისაც დედაქალაქი არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან აუცილებლად გაგარძელდება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდას", -განაცხადა შალვა სუთიაშვილმა აღსანიშნავია, რომ სასკოლო ლიგა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით იმართება. 2025-2026 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 500-მდე სკოლის 30 000-მდე მოსწავლე მიიღებს.
ღონისძიების დასასრულს ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის'' გამარჯვებულებს თასი და სიგელები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილომა, საკრებულოს წევრებმა: ვაჟა კოკაიამ, ბექა მენთეშაშვილმა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ილურიძემ გადასცეს.