19 აპრილი 2022
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა გოგოლაძის ინიციატივას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფასო მგზავრობას ეხება. როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, უფასო და შეღავათიანი ტარიფით დედაქალაქის მცხოვრებთან გარკვეული კატეგორიები სარგებლობენ და დროთა განმავლობაში კატეგორიების რაოდენობა ფართოვდება.
„საკმაოდ ვრცელია იმ პირების ჩამონათვალი, რომლებიც შეღავათიანი ან უფასო ტარიფით სარგებლობენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კატეგორიაც არის - უსინათლოები და მათი გამყოლები. ისინი უფასოდ მგზავრობენ. მინდა მოგახსენოთ, რომ შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლებთა სია არ არის საბოლოო. გასულ კვირას მაგალითად კიდევ გაფართოვდა და გარკვეული კატეგორია დაემატა.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყველა კატეგორიისთვის უფასო მგზავრობის საკითხს, ეს მსჯელობის საგანია და მხოლოდ მივესალმებით,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 650-700 ათასი მგზავროდან, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დაახლოებით 60-65 პროცენტი სარგებლობს უფასო ან შეღავათიანი მგზავრობით ტარიფით.