27 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 84 849,4 ათასი ლარით იზრდება და 2 591 827,7 ათას ლარს შეადგენს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ მოსკოვის გამზირსა და ზურა მირაქიშვილის ქუჩებზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების ფარგლებში, შპს „მეტი დეველოპმენტის“, ასევე, შპს ,,სექტორი 7“-ის და მათთან აფილირებული კომპანიების დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
დეპუტატებმა ნინუას ქუჩა №3-ში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, შპს „ლივინ სითი“-ის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხის თაობაზეც იმსჯელეს და რამდენიმე მისამართზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებები შეათანხმეს. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
დეპუტატებმა ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისში, რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს და ზონალური ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილებაშიც.
დღესვე, საკრებულოს წევრებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით“ ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემას მხარი დაუჭირეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.