01 ნოემბერი 2021
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის, ხიდის ბურჯები ეწყობა. ასევე, ხდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში, გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია, როგორც უშუალოდ გზის და სახიდე გადასასვლელის, ასევე, სატრანსპორტო კვანძების მოწყობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასთან და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან, ბაგების მხარეს განთავსდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ოთხზოლიანი საავტომობილო გზა, ტროტუარი და ველობილიკი.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. სახიდე გადასასვლელის სიგრძე, ჯამში, 532 მეტრს შეადგენს.