31 მარტი 2026
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა, გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტართან მიხეილ რეხვიაშვილთან და გლდანის გამგებელთან ბესიკ კალაძესთან ერთად, გლდანის რაიონში არსებული ფეხბურთის და კალათბურთის სპორტული მოედნები დაათვალიერა.
როგორც შალვა სუთიაშვილმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 800-ზე მეტი მინი-სტადიონია და მათი თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
"მოედნების რაოდენობის და მოსახლეობის ჩართულობის გათვალისწინებით გვხვდება რიგი გამოწვევები, რაზეც კომისია აქტიურად მუშაობს. გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების განახლებას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. დაგეგმილი და უკვე განხორციელებული პროექტები მოიცავს როგორც სრულ რეაბილიტაციას, ისე ახალი მოედნების მშენებლობას" - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია სისტემატურად ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპორტული პროფილის ინფრასტრუქტურის მონიტორინგს და არსებულ სიტუაციას ადგილზე ეცნობა.