23 თებერვალი 2022 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.
„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ გმირებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე უპირობოდ გასწირეს. პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის შიდა ეზოში იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
1921 წლის თებერვალში რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისათვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რომელიც ახლანდელი პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში მდებარეობდა.