14 სექტემბერი 2022
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილმა დელეგაციამ, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ონლაინ სხდომაში მონაწილეობა მიიღო.
შეხვედრაში, ათეა-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია მონაწილეობდნენ.
მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარემ გუდრუნ მოზლერ ტორნსრომმა გახსნა, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის შედეგებზე და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის წევრი ლევან ჟორჟოლიანი 14 სექტემბერს, ასევე ევროპის საბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს, სადაც ერთ-ერთ ძირითად თემად ,,გარემოს დაცვის ფუნდამენტური უფლებები: ყურადსაღები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის“, ანგარიში განიხილებოდა.
ლევან ჟორჟოლიანმა, იტალიელ კოლეგასთან ბელინდა გოტარდისთან ერთად, მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სხდომის მონაწილეებს საქართველოს ინიციატივა გააცნო.
ინიციატივა გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების კუთხით, კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრასა და ამ მიმართულებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დოკუმენტის მომზადებას გულისხმობს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, კლიმატური ცვლილებები ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა.
„მაშინ, როდესაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება გადამწყვეტ როლს ასრულებს გარემოს დაცვასა და კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია არ უზრუნველყოფს მათი ამ უფლების რაიმე განსაკუთრებულ დაცვას. ჩვენი წინადადებაა, ქარტიას დაემატოს მეორე პროტოკოლი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. აღნიშნული პროტოკოლი უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების უფლების დაცვას, რომ გარემოს დაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღოს მონაწილეობა,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ევროპის საბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, ქართული მხრიდან ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი დელეგაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თინათინ ნიკოლაშვილი მონაწილეობდა.